

ქართველი ახალგაზრდა ფლეიტისტი ნანა გოლიაძე საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში წარმატებით აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და საკუთარი შემოქმედებით საქართველოს ღირსეულად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ სცენებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში.
ნანა გოლიაძე 2003 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად იგი სწავლობს იტალიის ქალაქ ფროზინონეში, ლიჩინიო რეფიჩეს სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (Conservatorio Licinio Refice), სადაც ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტია და პროფესორ ვალერია დეზიდერის კლასში ეუფლება ფლეიტის საშემსრულებლო ხელოვნებას.
მისი მუსიკალური გზა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში — „ნიჭიერთა ათწლედში“ — დაიწყო, ასოცირებული პროფესორის მერი ჟვანიას ხელმძღვანელობით. აღნიშნული სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო.
ახალგაზრდა მუსიკოსის განსაკუთრებული ნიჭი ადრეულ ასაკშივე შეამჩნია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარმა დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა, რომელმაც მისაღებ გამოცდაზე მოსმენის შემდეგ ნანა გოლიაძე ოპერის ორკესტრში სამუშაოდ მიიწვია. მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში, სადაც ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ყოფილი პირველი ფლეიტისტის, პროფესორ იოსი არნჰაიმის კლასში, მისაღები გამოცდების გარეშე ჩაირიცხა.
მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის პირველი ფლეიტისტის პოზიციისთვის ჩატარებულ პროფესიულ გამოცდებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მაღალ საშემსრულებლო დონეს.
2019 წლიდან ნანა გოლიაძე არის მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბანის, პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის „იავნანა“ და შემოქმედებითი გაერთიანების Concept Art-ის წევრი. ამავე გაერთიანებაში მოღვაწეობენ ისეთი გამორჩეული ქართველი ხელოვანები, როგორებიც არიან ანიტა რაჭველიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ლიზა ბათიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამგრძელებლები.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში იგი მონაწილეობს ფესტივალში „ახალი თაობის ვირტუოზები“, რომელიც ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება.
ნანა გოლიაძეს კონცერტები და სოლო გამოსვლები ჰქონია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში — Carnegie Hall-ში (ნიუ-იორკი), ასევე ერევნის არნო ბაბაჯანიანის სახელობის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიებსა და ფესტივალებში, მათ შორის:
- Saline Royale Academy;
- Galway Flute Festival;
- Falaut Campus;
- Flautissimo Festival;
- Ticino Music Festival.
პროფესიული განვითარების პროცესში ნანა გოლიაძეს შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა მსოფლიო დონის გამოჩენილ ფლეიტისტებთან და პედაგოგებთან, მათ შორის: ფილიპ ბერნოლდთან, ანდრეა ოლივასთან, სილვია კარედუსთან, ფელიქს რენგლისთან, კერსტენ მაკკოლისთან, მიხაელ ფაუსტთან, პეტრი ალანკოსთან, ლიდია ოშავკოვასთან, ალდო ბაერტენთან, ალბერტო აკუნიასთან და ხოიდი ბლანკოსთან.
ნანა გოლიაძე არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია. მის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა:
- ვ. ა. მოცარტის სახელობის I საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი;
- ო. თაქთაქიშვილის სახელობის ეროვნული კონკურსის I პრემია;
- გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში გამართული კონკურსის Musica Fireworks Baden-Württemberg — აბსოლუტური პირველი პრემია;
- მანანა დოიჯაშვილის სახელობის საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII ეროვნული კონკურსის საფრანგეთის საელჩოს სპეციალური პრიზი;
- III პრემიები ვარნისა და კიევის საერთაშორისო ფლეიტისტთა კონკურსებზე;
- ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული კონკურსის გრან-პრი;
- სიმებიან და ჩასაბერ საკრავთა თბილისის I საერთაშორისო კონკურსის „რონდო-კლასიკა“ — I ადგილი და ლაურეატის წოდება;
- მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა II ეროვნული კონკურსის გრან-პრი.
დღეს ნანა გოლიაძე საკუთარ მომავალს მხოლოდ პირად პროფესიულ წარმატებას არ უკავშირებს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში ფლეიტის საშემსრულებლო სკოლის განვითარება, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოება.
ამ მიზნით ნანა გოლიაძე არის საერთაშორისო ორგანიზაცია GeoFluteSociety-ის დამფუძნებელი. სწორედ მისი ინიციატივითა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების საფუძველზე, მიმდინარე წელს საქართველოში იგეგმება მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ფლეიტისტისა და პედაგოგის, ანდრეა ოლივას, ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში იგი ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს მასტერკლასებს ჩაუტარებს და ქართველი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარდგება.
ნანა გოლიაძის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები საერთაშორისო კულტურულ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ და საკუთარი პროფესიონალიზმით ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ სცენებზე.

