web analytics
Wednesday, June 24, 2026 LIVE NYC, NJ & CT updates
YOUR ONE-STOP
NY NEWS PORTAL
Home » ქართული და ალბანური დროშები ერთად ნიუ-იორკში — მეგობრობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის

ქართული და ალბანური დროშები ერთად ნიუ-იორკში — მეგობრობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის

By Ramaz Okruashvili · 06/23/2026 · Updated 06/23/2026
Auto Draft - news image

ბევრი ქართველისთვის ქართულ-ალბანური მეგობრობის ისტორიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი დღესაც უცნობია.

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ფაქტი 1953 წელს გადაღებულ ისტორიულ ფილმს უკავშირდება. ფილმში „დიდი მეომარი სკანდერბეგი“ (ალბანურად Skënderbeu) ალბანეთის ეროვნული გმირის, სკანდერბეგის, როლი ქართველმა მსახიობმა აკაკი ხორავამ შეასრულა.

აკაკი ხორავასთან ერთად ფილმში მონაწილეობდნენ ქართული თეატრისა და კინოს სხვა გამოჩენილი წარმომადგენლები — ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე.

დღემდე ალბანეთში „სკანდერბეგი“ ეროვნული კინოს კლასიკად ითვლება, ხოლო ბევრი ალბანელისთვის მათი ეროვნული გმირის ყველაზე ცნობილი ეკრანული სახე სწორედ ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას, მიერ არის შექმნილი.

ნიუ-იორკში გამართულ ტრადიციულ ალბანურ აღლუმში (Albanian Parade) წელს განსაკუთრებული ადგილი ქართულ საზოგადოებასაც დაეთმო. ალბანური ორგანიზაციის Albanian Roots-ის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, მათ შორის ასოციაცია „თვისტომის“ წევრებმა, რომლებმაც ქართული დროშებითა და სიმბოლიკით წარმოადგინეს საქართველო.

ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აერთიანებს, ალბანური კულტურის, ისტორიისა და ეროვნული იდენტობის აღსანიშნავად იმართება. წლევანდელი აღლუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ნიუ-იორკში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და კულტურული საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის წარმოსაჩენად.

ქართული დელეგაცია აღლუმში Albanian Roots-ის ხელმძღვანელობის სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, მარკო კეპიმ (Marko Kepi), რომელიც ამერიკაში ალბანური საზოგადოების ყველაზე აქტიურ და გავლენიან ლიდერად ითვლება, საკუთარ სატელევიზიო ჩართვაშიც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართულ-ალბანურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქართველები და ალბანელები უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მეგობრობისა და თანამშრომლობის მტკიცე კავშირებით არიან დაკავშირებულნი.

„პირველად, ქართული საზოგადოება მონაწილეობდა ალბანურ აღლუმში. ისინი ჩვენი მეგობრები არიან უკვე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ საკუთარი დროშებითა და ბანერით შემოგვიერთდნენ,“ — აღნიშნა მარკო კეპიმ.

ღონისძიების ფარგლებში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ალბანური საზოგადოების ლიდერებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც ორივე ერს აერთიანებს — თავისუფლების სიყვარული, ეროვნული ტრადიციების პატივისცემა, ოჯახური ფასეულობები და ძლიერი დიასპორული კავშირები.

ასოციაცია „თვისტომის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს Albanian Roots-ის პრეზიდენტს, მარკო კეპის, და ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, ბედრანა დუკას (Bedrana Duka), გულთბილი მასპინძლობისა და მეგობრობისთვის.

აღლუმში ქართული საზოგადოების მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ქართულ და ალბანურ დიასპორებს შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ორივე მხარე მომავალშიც გეგმავს კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროექტებზე თანამშრომლობის გაგრძელებას.

ნიუ-იორკის ქუჩებში ქართული და ალბანური დროშების ერთად ფრიალი კიდევ ერთხელ გახდა იმის სიმბოლო, რომ სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ძლიერი და წარმატებული საზოგადოების საფუძველია.

ქართული და ალბანური დროშები ერთად ნიუ-იორკში — მეგობრობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის - news image

BigNY AI Assistant
Ask about BigNY articles, events, services, or local topics.